"ქართველები უძველესი კულტურის ხალხია, ეს ერი, თავისი ძეგლებითა და გმირული ისტორიით, უმდიდრესი ერია; მისი წარმოშობის ფესვი უხსოვარ წარსულში იკარგება. დანამდვილებით არავინ იცის, ვის ენათესავებიან ისინი – ძველ შუმერებს, ეტრუსკებს თუ ბასკებს…
კავკასიაში ცხოვრობს უძველესი კულტურისა და ენის მფლობელი ევროპელი ხალხი. ამ ხალხის გაცნობა დიდად გაამდიდრებს მკითხველთა შემეცნებას, განუზომელ სულიერ სიამოვნებას მიანიჭებს მათ.” შარლ ჰუმელი (ჟურნალისტი, მეცნიერი, ჟურნალ "ატლანტისი"-ს რედაქტორი) |
ჩინეთიდან, იაპონიიდან, ეგვიპტიდან, საბერძნეთიდან თუ ინდოეთიდან დაბრუნებული ბევრი ჩვენი თანამემამულე დიდი მოწიწებითა და აღტაცებით საუბრობს ამ ქვეყნების ისტორიაზე, ისტორიულ ძეგლებზე, მათ უწინდელ ფილოსოფიაზე, ცეკვებსა და სიმღერებზე. ისინი გაოცებულნი არიან ამ უდიდესი კულტურის მქონე სახელმწიფოების ხილვითა და გაცნობით მაშინ, როდესაც ზოგიერთი მათგანი საქართველოს ისტორიულ ადგილებში არ ყოფილა, არ იცნობს ჩვენს კულტურულ ძეგლებს, წინაქრისტიანულზე რომ არაფერი ვთქვათ; არიან ისეთებიც, რომლებსაც წინაპრების ისტორია, კულტურა, ტრადიციები სულაც არ აინტერესებთ და სხვა ქვეყნების უძველესი ლეგენდების ცოდნით იწონებენ თავს, სხვათა ისტორიასა თუ ფილოსოფიაში არიან განსწავლულნი, ევროპული ქვეყნების მეფეთა და დიდებულთა გენეალოგიური ხის გამოკვლევითა და მათდამი აღტაცების გამოხატვით არიან გართულნი. მსოფლიოს მრავალ ქვეყანას მდიდარი წარსული და კულტურა აქვს. მისაბაძია მათი დამოკიდებულება წინაპართა მონაპოვარისადმი. რა სათუთად უვლიან ისტორიულ, თუ რელიგიურ ძეგლებსა და ნაგებობებს, თუმცა ამ ქვეყნებმა რელიგიური მიმართულებები დიდი ხანია შეიცვალეს, მაგრამ არ გაუწყვეტიათ კავშირი წინაპართა უძველეს კულტურასთან. მაგალითისათვის ეგვიპტე განვიხილოთ: VIII საუკუნეში იგი უკვე მუსულმანური ქვეყანაა, მაგრამ ყველასათვის მისაბაძი მოწიწებით, სიყვარულით და მზრუნველობით უვლიან ისინი ისტორიას, სფინქსსა და პირამიდებს, ჰერმესის მისტერიას, ქურუმების ოკულტურ მოძღვრებებს. მათ იციან, რომ სფინქსისა და პირამიდების იდუმალმა სახეებმა, რომლებიც მდუმარედ ინახავენ უდიადეს საიდუმლოებას, ეგვიპტე იმ ღერძად გადააქცია, რომლის გარშემოც კაცობრიობის რელიგიური იდეები ბრუნავს. მაგრამ, განა ჩვენს წინაპრებს – კოლხებსა და იბერიელებს მათზე ნაკლები მნიშვნელოვანი მისტერიული, საკულტო, კულტურული, კოსმიური თუ საბრძოლო ხელოვნებები ჰქონდათ? რამდენმა ცნობილმა უცხოელმა მეცნიერმა გამოიკვლია უძველესი კოლხეთი და იბერია ამ კუთხით. მათგან აღსანიშნავია: "ილიადა" და “ოდისეა" ჰომეროსისა, ჰესიოდეს "სამუშაონი და დღენი", ესქილეს ტრაგედია "სპარსელები", პინდარეს "პითიური ოდები", ჰეროდოტეს "ისტორია", ევრიპიდეს "მედეა", ჰიპოკრატეს ტრაქტატი "ჰაერთა, წყალთა და ხმელეთთა შესახებ", ქსენოფონტის "ანაბასისი", პლატონის "ფედონი", არისტოტელეს "პოლიტიკა", პოლიბიოსის "მსოფლიო ისტორია", სტრაბონის "გეოგრაფია", ფლაკიოს არანეს "მოგზაურობა შავი ზღვის გარშემო" და სხვანი. სასიამოვნოა იმის აღნიშვნა, რომ ანტიკური მწერლების ტექსტები ქართველმა მეცნიერებმა (გ. წერეთელი, ს. ყაუხჩიშვილი, ნ. კეჭაღმაძე, თ. მიქელაძე და სხვა) კარგად გამოიკვლიეს და სისტემაში მოიყვანეს. სამწუხაროდ, ქართველთა უძველესი მისტერიების შესახებ ცნობები ქართულ წყაროებში ცოტაა (გასაგები მიზეზების გამო), მაგრამ მაინც ნათელ წარმოდგენას გვიქმნის ჩვენი წინაპრების ცივილიზაციის მაღალ დონეზე. ჩვენი წინაპრები უძველესი ტრადიციების, წეს-ჩვეულებების, რიტუალების, საბრძოლო ხელოვნებების მფლობელები იყვნენ. თუ კი ქართველი მეცნიერები ზემოთჩამოთვლილ ხელოვნებებს ღრმად შეისწავლიან და სერიოზულად მიუდგებიან, ამან მრავალი საუკუნის განმავლობაში ჩამოყალიბებული მსოფლიო კულტურული და საბძოლო ხელოვნებების ცენტრების ადგილმდებარეობების შესაძლო გადანაცვლებაც შეიძლება გამოიწვიოს. ავიღოთ თუნდაც ჩვენი ულამაზესი და უძველესი ქართული ცეკვები; მათი ხიბლი, სიბრძნე, სიმძლავრე, სიცოცხლისუნარიანობა, საბრძოლო სული, კოსმიური სიმბოლიკები, ენერგოჟესტები, მოძრაობათა კოსმოგენეტიკური სტრუქტურული სვლები და სქემები. სამი აციანაციის (სამყაროს) – ზეცა, ადამიანი და მიწა – შეერთების სცენები და ა.შ. თვალნათლივი დადასტურებაა ზემოთ განხილული თემისა – მათი ანალიზი და მეცნიერული შესწავლა, მათი თვალსაჩინო გაშიფვრა, მათი დაკავშირება ჩვენი წინაპრების მისტერიებთან და ამით ჩვენი აწმყოს გაგება – საშური და გადაუდებელი საქმეა ქართველებისათვის. ჩვენი წინაპრების უძველესი მოძღვრებები, რიტუალები, ფოლკლორი, ეპოსი, დღესასწაულები და საბრძოლო სისტემები, გადმოცემები, მითები, სიმბოლოები, ნიღბები და ტანსაცმელი – იმ აუცილებელ და მნიშვნელოვან გასაღებს წარმოადგენს, რომელიც ჩვენი სამშობლოს სიძლიერეს, ერის ხელახალ გაფურჩქვნასა და მსოფლიოში აღიარებული უძველესი ცივილიზაციის ქვეყნების გვერდით დადგომას უზრუნველყოფს, რაც, თავის მხრივ, ჯანსაღი ეროვნული სიამაყის გრძნობას დაბადებს ჩვენს ხალხში და ამ "გასაღბით" მსოფლიოში არსებული მრავალი კარისა და კარიბჭის გაღებასა და "შიგ შესვლას" შეგვაძლებინებს. იური ყეინაშვილი
საბრძოლო ხელოვნებების ოსტატი |