რედაქტორისაგან



    წიგნი, რომელიც თქვენ ახლახან გადაშალეთ, ისტორიის ან ეთნოგრაფიის აკადემიური გამოცემა არ გახლავთ; ამ ფურცლებზე ქართული ყოფის მატიანე მისტიურ-ეზოთერული შუქის ფონზე იკითხება.

     დედამიწაზე ყოველ ერს თავისი კოსმოსური მისია გააჩნია, რომელიც არცერთი ჩვენთვის ცნობილი მეცნიერების ენაზე არ იშიფრება - ამისათვის იდუმალი მოძღვრების ანბანი უნდა მოვიშველიოთ.

    ...და მაინც რა არის ეს იდუმალი მოძღვრება, რომელსაც მავანი ალბათ ჯადოქრობად, მავანი - სარწმულოებრივ სექტად, ზოგიც კიდევ მოცლილი მეზღაპრის ფანტაზიად აღითქვამს?

    ბატონი იური ყეინაშვილის წიგნში იდუმალი მოძღვრება ის სიბრძნეა, რომელიც ყოველ ერს დასაბამისეულ ენერგიასთან ერთად ებოძება და რომელიც ერთდროულად მიმართულებაა, საგზალია და მიზანია ცივილიზაციის მწვერვალებისაკენ.

    მატერიალური მიღწევებისა და ტექნიკის საოცრებების საუკუნეში, სადაც ადამიანის პირველყოფილი შიდა სუბსტანციის მკრთალი აჩრდილიღა მოსჩანს მსოფლიოს მარათონური ყოვედღიურობის ფონზე, ნამდვილად დროულია, ჩვენს მომავალ თაობას მარადიულ მისიაზე შევახსენოთ და ერის განვითარების უძველეს, ღვთითბოძებულ გზა-სავალისაკენ მივუთითოთ.

     იური ყეინაშვილის ნაშრომში ქართველთა მარადიული ტომის ბელადი "ზეზვა" თავისი "დაბადების" წუთიდან საუკუნეების მანძილზე სწორედ ახალგაზრდებისათვის მოგვითხრობს საბრძოლო ხელოვნებების დანიშნულებასა და შინაგან ენერგიებზე, ეთნოგრაფიული ყოფითი სიმბოლოების ღრმა საკრალურ შინაარსზე, ვაზისა და ღვინის კულტის მისტიურ წარმომავლობაზე, ქართველთა ღვთაებების კოსმოგონიასა და ჩვენი წინაპრების ასტრონომიულ-ასტროლოგიურ განსწავლულობაზე.

     აი, ანბანი იდუმალი მოძღვრებისა;

     აი, ქონება, რომელსაც ქართველი ათასწლეულების მანძილზე სისხლით ამდიდრებდა და იცავდა;

     აი, მისია, რომელიც მამაზეციერმა დაგვაკისრა;

     აი, ჩვენი "ოქროს საწმისი", რომელსაც მსოფლიოს არაერთი ერი დღემდე გვეცილება და ჩემულობს;

    ეს წიგნი კი იმედის კიდევ ერთი ამონამღერია ლეგენდარული საგალობლიდან... ქართველი ქართველობას არ დაკარგავსო...


    
მზია ხაჩიძე